ექვსი სადაზღვევო კომპანია საპილოტე პროგრამაში ჩაერთო
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 15 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება რეგისტრირებულ კოოპერატივზე. აღნიშნული შეზღუდვით მოხდა სეგმენტის განსაზღვრა, პროგრამა ორიენტირებულია მცირე შემოსავლიანი ბენეფიციარების მოსავლის დასაზღვევად.
,,სახელმწიფო სუბსიდირება წელს 60%-მდეგანისაზღვრა. ფრანშიზა დაითვლება რეალური მოსავლიანობიდან, შესაბამისად ვერ გადაფარავს ზარალის ოდენობას თუ ზარალი ასცდა 10% -ს. 2014 წლის პროგრამაში ფრანშიზა ითვლებოდა სადაზღვევო ლიმიტიდან ხოლო ზარალი რეალური მოსავლიანობიდან, რაც უმეტეს შემთხვევაში ზარალის გადაფარვას იწვევდა. ზარალის შეფასების საერთო მეთოდი დაინერგა თითოეული კულტურის შესაბამისად, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.
კომპანიები პოლისებისგაცემას შეძლებენ მხოლოდ აგროვადების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სუბსიდირებას განახორციელებს პოლისების შემოწმების შემდეგ.
2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურა 19 ათას ჰა მიწის ფართობზე.
აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2015 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
წელს, აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.