გიორგი სიბაშვილმა სასამართლოს ეზოში პროტესტის ნიშნად ბორკილები დაიდო
სიბაშვილმა, პროტესტის ნიშნად, თელავის რაიონული სასამართლოს ეზოში ბორკილები დაიდო და საქმის დასრულება მოითხოვა სიბაშვილის განცხადებით, პროკურატურამ სამი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა მისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცება:
,,პროკურატურამ ვერ მოახერხა, ჩემთვის დაედო ბორკილები, ამიტომ იძულებული გავხდი, რომ ეს თავად გამეკეთებინა სასამართლოს ეზოში. სამი წლის განმავლობაში ჩიხში შესულმა პროკურატურამ მოახერხა ცინიზმითა და უკანონობით მიეყვანა ჩემი თავი ამ მდგომარეობამდე და და არამარტო მე, ასევე, მოცემულ საქმეში მართლმსაჯულებაც,’’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სიბაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურა ვერ შეძლებს სასამართლოში დაამტკიცოს ის უსუსური ბრალდება, რომელიც წაუყენეს:
,,წაყენებული ბრალის დამტკიცება ვერ მოხდა. ამ ეტაპზე, ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია. ფაქტობრივად, ბრალი დარჩა ბრალად, ახლა გრძელდება პოლიტიკური დევნა და ნერვების ომი. საქმის პროკურორი, გიორგი ლილუაშვილი, მივლინებაში წავიდა, რათა აშშ-ს დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ტრენინგში მიიღოს მონაწილეობა. ბოლო რვა პროცესზე 4-ჯერ ტრენინგზე ყოფნის გამო არ მოვიდა. ვაგრძელებ სამართლისთვის ბრძოლას, არ მოვეშვები ამ საქმეს მიუხედავად იმისა რა შედეგი დადგება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი სიმართლე ბოლომდე დავამტკიცო.
მინდა, მივმართო პროკურატურას, ყველაზე მთავარი, რაც მათ უნდათ, რომ პატიმარი ვიყო, ვერ ვიქნები თუ არ მისცეს მართლმსაჯულებას ჩემი გასამართლების საშუალება. ბორკილები რომელიც მაქვს, შემიძლია დავიდო და მევე მოვიხსნა, ‘’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სიბაშვილმა.
სიბაშვილის საქმის მომდევნო სასამართლო სხდომა 2 მარტს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.