მთავრობა რეგიონების განვითარების გეგმას საზოგადოებას მარტში წარუდგენს
ღონისძიებების გატარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რეგიონებში ბევრი პროექტის სუბსიდირებას გეგმავს:
“ჩვენ თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, ყველა რაიონში არსებული პოტენციალი. ვაპირებთ, რომ მარტის თვიდან დავიწყოთ აქტიურად ამ გეგმების პრეზენტაცია. ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა და კერძო სექტორი აქტიურად ვითანამშრომლებთ. ჩვენ სუბსიდირებას გავუკეთებთ ძალიან ბევრ პროექტს რეგიონებში, რომელიც გამოიწვევს რეგიონების გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების ზრდას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის რევაზ კაკულიას თქმით, კანონპროექტზე მუშაობის ინტენსიფიკაცია მარტში იგეგმება, ხოლო პირველადი პროექტის მომზადების შემდეგ მისი განხილვები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაგრძელდება.
რაც შეეხება რეგიონული განვითარების სააგენტოების შექმნის ხელშეწყობას, კაკულიას ინფორმაციით, შესაბამისი ჩარჩო კონცეპტუალური დოკუმენტის დამუშავება დასკვნით ფაზაშია და მისი წარდგენა უახლოეს რამდენიმე კვირაში იგეგმება. რეგიონული განვითარების სააგენტოების საქმიანობა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს.
“რეკომენდირებული იქნება, რომ სააგენტოების საქმიანობა კონცენტრირებული იყოს სამი ძირითადი მიმართულებით: 1. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების დახმარება ადგილობრივი განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში; 2. რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის მხარდაჭერა, მათ შორის, ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების მომზადებისა და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური კომუნიკაცის გზით; 3. ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების კონსალტინგი, მათ შორის, მიზნობრივი სახელმწიფო თუ დონორული პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ სრულფასოვანი ინფორმირების გზით. ამასთან, ცალკეულ რეგიონებში, მათი განვითარების დონისა და სპეციფიკის შესაბამისად, შესაძლოა, პერსპექტიული იყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის თანამედროვე სისტემების დანერგვის, განვითარების შესაბამისი პროცესებისა და ინიციატივების მხარდაჭერა”, – განაცხადა რევაზ კაკულიამ.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს და შემდეგი ორი წლის განმავლობაში, “2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის” და ინდივიდუალური რეგიონების განვითარების სამოქმედო გეგმების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა, რისთვისაც გამოყენებული იქნება მონიტორინგისა და შეფასების კომპლექსური და თანმიმდევრული მექანიზმები.
“საერთო სურათი ასე გამოიყურება: ერთი მხრივ, გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონული განვითარების პროცესის ხელშეწყობისთვის, ამ შემთხვევაში საუბარია 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამაზე, მეორე მხრივ, შემუშავებულია თითოეული რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული განვითარების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს არის ქვემოდან ზემოთ დაგეგმვისა და ზემოდან ქვემოთ დაგეგმვის პრაქტიკების ერთგვარი სინერგია, რომელიც არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანარეკლი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება მომდევნო წლების განმავლობაში”, – განაცხადა რევაზ კაკულიამ.