არასრულწლოვან გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხზე სკოლის დირექტორისა და მშობლების პასუხისმგებლობაც დადგება
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციის სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, განახორციელონ დროული და ეფექტური ღონისძიებები ეროვნული და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ბავშვთა დაცვის პოზიტიური ვალდებულების განუხრელი შესრულებისათვის.
,,მხედველობაში იქნას მიღებული გაეროს ბავშვის უფლებების და ევროპის საბჭოს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები, მოხდეს სავარუდო დანაშაულის ყოველმხრივი და დროული გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები 12 წლის გოგონას უფლებების დასაცავად. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოძიების გაჭიანურება და დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე დაცული იქნას ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დროულად განახორციელოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. შესაძლო ძალადობის შესწავლის პროცესში ჩაერთოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ასევე შესწავლილი იქნას მშობლის მოვალეობის შესრულების საკითხი და განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხის შესწავლისათვის,”-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლოა იკვეთებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისთვის ცნობილი იყო 12 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ქმედების შესახებ.
,,აღნიშნულის მიუხედავად სკოლის დირექტორმა არ განახორციელა რეფერირების შესაბამისი პროცედურით გათვალისწინებული სავალდებულო ქმედებები. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს კონკრეტული საქმის შესწავლას და განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საქმეზე ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, საქმეში მონაწილე შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერების დაცვისათვის,”- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.