ახალი ამბები

აგრო-სტრატეგია ძალაში შევიდა

სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია: აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება; ინსტიტუციური განვითარება; მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერება; რეგიონული და დარგობრივი განვითარება – დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა; სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა; კლიმატის ცვლილებები, გარემო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

უწყების ინფორმაციით, სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ღონისძიებებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით, სტრატეგია აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად:

,,სტრატეგია ითვალისწინებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას (დაახლოების შეთანხმებული ვადების შესაბამისად), რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებთან მაქსიმალურ მიახლოებას და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას“, – აცხადებს დანელია.

სტრატეგიის მთავარი პრინციპები პირველივე წელს გამოიკვეთა და მათი ნაწილი უკვე შესრულდა კიდეც. კერძოდ: ენპარდის დაფინანსებითა და მეთოდოლოგიით შეიქმნა და უკვე მოქმედებს ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრების ქსელი; შემუშავდა და უკვე შევიდა ძალაში კანონი სასოფლო კოოპერატივების შესახებ; ამოქმედდა კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ასობით ახლად შექმნილ კოოპერატივსა და ფერმერებს, რომელთაც კოოპერაცია აინტერესებთ იურიდიული რჩევებით ეხმარება; პირველად გამოიყო დაფინანსება აგრო-სტატისტიკის საწარმოებლად და სხვა. აგრო-სტრატეგიაზე მუშაობას მთავრობამ ენპარდთან (ევროპული სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და რეგიონული განვითარებისთვის) ერთად 3 წელი მოანდომა:

,,უნდა შემუშავდეს სოფლის მეურნეობის მრავალდონიანი სტრატეგია. საერთაშორისო გამოცდილების წარმატებული და წარუმატებელი მაგალითების გაანალიზების საფუძველზე, რეკომენდებულია სტრატეგიის შემუშავება შემდეგ სამ ურთიერთდაკავშირებულ დონეზე: 1. საბაზისო დონე – მისიის და ხედვის განსაზღვრა. გრძელვადიანი მიზნების დასახვა სოფლის განვითარების პოლიტიკასთან ერთად. 2. სექტორული დონე – მათ შორის, პირველადი წარმოება, გადამუშავება (პირველადი დამეორადი), საწარმოო ჯაჭვის განვითარება, რესურსული ბაზის გაუმჯობესება (მათ შორის, ფინანსური) და ბაზრის მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ფერმერთა რეესტრის წარმოება და ფორმალიზებული მიწის ბაზრის ჩამოყალიბება, სასაქონლო ბაზრის განვითარება,საერთაშორისო ბაზრებში ინტეგრირება და პოზიციონირება, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური ბაზის განვითარება. 3. დარგობრივი დონე – კონკურენტული ანალიზი, სიტუაციური ანალიზი დარგების მიხედვით, ქმედითი სტრატეგიების და დეტალური სამოქმედო გეგმების შემუშავება თითოეული დარგისთვის, სადაც ეს შესაძლებელია სუბსიდირების თავიდან აცილება“ – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სატრატეგიაში დათმობილ ქვეთავში – დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოსთვის.