სტატიები

თუშეთის გზა და მდინარე სტორის ხეობა რეკრეაციულ დატვირთვას შეიძენს

დისკუსიას გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელისა (CENN) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილია სტორის ხეობაში სკამების, მაგიდების, ნაგვის ურნების დადგმა და ტიპიური საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილების გამოყოფა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე სტორის კალაპოტის სიგრძეზე არსებული რეკრეაციული ადგილების მოწყობა.

,, რეკრეაციული ტყეები და ტურისტული პოტენციალი არის ჩვენი ქვეყნის და სატყეო რესურსების ათვისების ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი და საჭიროა სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს თავისი ხედვა, როგორ უნდა განავითაროს ეს, მიიღოს ეკონომიკური შემოსავალი ან დააკმაყოფილოს ის დიდი სოციალური ინტერესი, რაც ამ კუთხით არსებობს. ასევე ყველაზე დიდი პრობლემა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა ტყეებში უნდა მოგვარდეს. ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში უკვე დაიწყო დისკუსია და მასში ჩართულია ძალიან ბევრი უწყება. მათ შორის ენერგეტიკის სამინისტრო, რომელსაც აღნიშნულ რეკრეაციულ ზონაზე აქვს ინტერესები და არსებობს გადაკვეთის წერტილები, იმიტომ რომ გეგმავს ამ მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას. ამიტომ ეს პლატფორმაც ხელს შეუწყობს, რომ მოხდეს ინტერესთა დაბალანსება და საბოლოო ჯამში ეკონომიკამ , მოსახლეობამ და ეკო-სისტემებმა არ იზარალოს. ჩვენ ინფრასტრუქტურაზე ,დიზაინზე და პროექტის წარმოდგენაზე, უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. რაც შეეხება ბიუჯეტს, არის 5 000 ევრო და ვფიქრობთ რომ თანხა გაიზრდება ნაჩენების მართვის პროექტის ხარჯზე’’,- განუცხადა KNEWS.GE-ს რეზო გეთიაშვილმა.

ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი შუკაკიძეს თქმით, უწყება მდინარე სტორზე 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, მათ შორის იმ ტერიტორიაზეც, სადაც რეკრეაციული ზონის მოწესრიგება მოხდება. მისივე განმარტებით, ორი უწყების მიერ დაგეგმილი პროექტი ერთმანეთს არ გადაკვეთს.

,, სტორის ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას მივესალმებით. მითუმეტეს თუ აღნიშნული საკითხი ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის უკეთესი მომავლის შექმნას. რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს ინტერესს მდინარე სტორის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების კუთხით, ჩვენ გვაქვს პოტენციური 4 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ამ მდინარეზე. ,,სტორი -1’’ -ზე ინტერესთა გამოხატვა დასრულებულია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომსაზდებას, სოციალური და გარემოს დაცვის ფაქტორების გათვალისწინებით. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ორმა პროექტმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოს. რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, არის 14 მეგავატის სიმძლავრის პროექტი, რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება არის დაახლოებით 40 მილიონ ლარზე მეტი’’, -აღნიშნა KNEWS.GE-სთან საუბრისას გიორგი შუკაკიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელის, ზაზა ვარდოშვილის თქმით, აღნიშნული ზონის მოწყობა და მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. 

,,ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პროექტების განხორციელებას ეყრება საფუძველი, თუ ეს ყველაფერი განხორციელდება, ინფრასტრუქტურა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე განვითარდება. ეს კი გამოიწვევს მეტი ტურისტის შემოდინებას რეგიონში. ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული და მომავალშიც იგეგმება აღნიშნულ სამინისტროებსა და ჩვენს შორის მჭიდრო ურთიერთობა’’

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის თქმით, აღნიშნულ შეხვედრას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ საქართველოში დიდი ტერიტორიებია, რომელსაც აქვს სარეკრეაციო დანიშნულება თუმცა არის ცუდად მართული და დანაგვიანებული. 

,,ამ კუთხით არსებობს სერიოზული პრობლემები. ეს არის პირველი მცდელობა, რომ დაინტერესებული მხარეების ჩათვლით დაწყებულიყო განხილვა. მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა იმის გამოც, რომ მას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. რაც შეეხება პროექტს, არის მისასალმებელი და გარემოს დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს CENN-ის მიერ წამოწყებულ პროექტს, რომ მოხდეს მდინარე სტორის ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ხელი შეეწყოს მოსახლეობას და გარემოს განვითარებაში. ეს პროექტი იქნება საპილოტე იმისათვის, რომ დავტესტოთ და გავარკვიოთ თუ რამდენად კარგად იმუშავებს მსგავსი პროექტები რეგიონულ დონეზე. ამის პარალელურად სამინისტროში მიმდინარეობს ახალი ტყის კოდექსზე მუშაობა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტზე, როგორიც არის ტყეების ზონირების დირექტივა, რომელშიც პარალელურად უნდა მოხვდეს ეს საკითხი. ‘’