ბარბარე რაფალიანცის ოჯახი გურჯაანის პოლიციის ყოფილი უფროსისა და დეპუტატის დაკითხვას ითხოვს
ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრი, თინა მექერიშვილი გოჩა სიბაშვილს სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებს და მისი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის სასწრაფოდ დაკითხვას ითხოვს. მისი თქმით, სიბაშვილმა იცრუა, რომ შემთხვევის ადგილზე კინოლოგები იმყოფებოდნენ, რადგან პოლიცია შემთხვევიდან ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. ოჯახი ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების დროს მტკიცებულებების შეგნებულად განადგურება მოხდა, რამაც საქმის გამოძიება შეაფერხა.
საპირისპიროს აცხადებს ბრალდების ადრესატი. გოჩა სიბაშვილის განმარტებით, რომელიც მან ტელეკომპანია ,,იმედთან” საუბრისას გააკეთა, ადგილზე კინოლოგები მართლაც მუშაობდნენ. შეგახსენებთ 10 თვის ჩვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ღამეს ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. განახლებული ძიება ახლაც მიმდინარეობს.