თელავის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისია 2 კონკურსანტის საკითხს ხელახლა განიხილავს
კომისიის თავმჯდომარის დავით ნაპირელის ინფორმაციით, საპრეტენზიო კომისიაში შესული ორი კანდიდატის, ვერიკო კობიაშვილისა და ირინა მესაბლიშვილის განაცხადი უკვე განხილულია და რეკომენდაცია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გადაეგზავნა. საატესტაციო კომისია ერთი კვირის ვადაში შეიკრიბება და აღნიშნული პიროვნებების საკითხებს ხელახლა განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ თელავის თემის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიამ დააკმაყოფილა გამგეობიდან გათავისუფლებული ვერიკო კობიაშვილის საჩივარი დასაქმების თაობაზე.
„ვერა კობიაშვილის ტესტირების და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, ვინაიდან მას ორივე ეტაპზე მიღებული აქვს საშუალო და მაღალი შეფასება, საპრეტენზიო კომისიას მიაჩნია, რომ მისი პროფესიული უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს დასაკავებელი პოზიციების მოთხოვნებს და მისი საპრეტენზიო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მითუმეტეს, რომ მის მიერ შეტანილი ოთხი პოზიციიდან ერთ-ერთზე (გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში) კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად.
დაევალოს საკონკურსო-სატესტაციო კომისიას, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, ხელმეორედ განიხილოს საკითხი და იმსჯელოს მის მიერ დასახელებულ პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობის თაობაზე (ვაკანტური თანამდებობის გათვალისწინებით)“, – აღნიშნულია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში.
ვერიკო კობიაშვილი გასული წლების განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში მუშაობდა. მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ტესტირების შედეგად 45 ქულა დააგროვა. კობიაშვილმა გასაუბრებაც გაიარა, თუმცა გამგეობამ მისი სამსახურში აყავნაზე უარი განაცხადა. მიზეზი კახეთის გუბერნატორის ჩარევა გახდა, რის გამოც ვერიკო კობიაშვილი უმუშევარი დარჩა.
ირინა მესაბლიშვილის საკითხზეც კომისიამ დამატებით უნდა იმსჯელოს. მას მაღალი ქულა და კომპეტენციისათვის შესაბამისი განათლება და გამოცდილება აქვს და ვერიკო კობიაშვილის მსგავსად, სამსახურში აყვანას ითხოვს.