თელაველი ახალგაზრდების ორი იდეა ახალი წამოწყებისთვის
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორდღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველაფერი ნათელი და განსაზღვრული იყო. ერთმანეთს იმ იმედით დავემშვიდობეთ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ მიერ გამოცოცხლებულ ყადორის ბაღში ვივლიდით სასეირნოდ და ტელესკოპით უკიდეგანო სივრცეს დავათვალიერებდით. ზოგიერთებმა ჯვრისწერის გეგმასაც ყადორის ბაღში შევასხით ფრთები… ერთი სიტყვით, ყადორის ბაღით ბოლომდე გატაცებულებს, სულ აღარ გვახსოვდა, სხვა პრობლემა თუ კიდევ არსებობდა თელავში.
დადგა დრო, როცა დამოუკიდებლად უნდა გაგვეგრძელებინა საქმიანობა. გუნდის თითოეული წევრი მოტივირებული იყო და ვფიქრობდით, რომ მარტივად გავართმევდით თავს დაკისრებულ სამუშაოს. ყველა თავისი გეგმის შესრულებას შეუდგა: მოვიარეთ კომპეტენტური პირები და გამოვითხოვეთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია. გამოგიტყდებით, არც ისე მარტივი აღმოჩნდა მიზნის მიღწევა. მუშაობისას წავაწყდით რამდენიმე პრობლემას, რაც გადამწვეტი აღმოჩნდა მოვლენების განვითარების კუთხით. ყადორის ბარის ისტორიის შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ ის ძველად სასაფლაო ყოფილა.
ჩვენი გეგმა – მიწის მოჭრა და გადასწორება – კი გამოიწვევდა საძვალეთა დაზიანებას. იყო იდეა, რომ საერთო სასაფლაო გაგვეკეთებინა და გადაგვესვენებინა ძვლები. დიდი არეულობა და აზრთა სხვადასხვაობა სწორედ ამან გამოიწვია. საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი კატეგორიოლად გამორიცხავდა გადასვენების იდეას, მომხრეებს კი ვერ გაეგოთ მათი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი. მივხვდით, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწევდით. ამიტომაც საქმეში ქალბატონი ია ანთაძის ჩარევა გახდა საჭირო. მან გვირჩია, გვემუშავა ისეთ იდეაზე, რომელსაც ჯგუფის ყველა წევრი მიემხრობოდა. შემდგომში სწორედ ამ მიდგომამ შეგვაცველვინა აზრი და მუშაობის სქემაც.
როგორც უკვე ვთქვით, ყადორის ბაღის გარდა ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდით რეალუარად. სწორედ ამიტომ, ძალიან გაგვიჭირდა ახალ ინიციატივაზე ჩამოყალიბება. თითქმის ყოველდღე ვიკრიბებოდით, ვკამათობდით, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ხანდახან, კამათით გადაღლილები, სრულიად სხვა თემებსაც ვეხებოდით. საღამოს კი ვიშლებოდით იმავე სიტყვებით, რომ ბაღის თემა არ უნდა შეგვეცვალა. დრო გადიოდა ჩვენ კი ვერაფერზე შევთანხმდით. რა გაგვეკეთებინა? გონებას, თითქოს, ბინდი გადაეფარა! თანაც ერთს კი არა, ათი ადამიანის გონებას… გაუთავებელი ფიქრის შემდეგ წამოიჭრა რამდენიმე თემა, რომლებიც, ერთ შეხედვით, რეალური იყო, თუმცა, როდესაც ღრმად ვუფიქრდებოდით, ვხვდებოდით, რომ წინ ბევრი წინაღობა გვქონდა. ჩვენ გვსურდა, აგვერჩია თემა, რომელიც ჯგუფის ყოველი წევრისვთის მისაღები იქნებოდა. სწორედ ეს ქმნიდა ბარიერს. როგორც ძველად იტყოდნენ, „ერთი პირი არ გვქონდა“. 🙂
იმედი თითქმის გადავიწურეთ. ვიფიქრეთ, რომ შევარცხვინეთ თელავი… თუმცა, ხომ იცით, გაჭირვება მიჩვენე და გზას გიჩვენებო – განათდა 10 დაბინდული გონება… გადავწყვიტეთ, შეხვედრა მოგვეწყო თელავზე შეყვარებულ ადამიანებთან, რომლებსაც თელავის შემოქმედებითი მხარე ჩვენზე უკეთ ესახებათ. ერთ-ერთი მათგანი იყო „ტორესა მოსი“ – ახალგაზრდა მწერალი, რომელთან საუბრის დროსაც გაჩნდა ძალიან კარგი იდეა ჩვენი ქალაქის კულტურული წინსვლის თვალსაზრისით. ამ იდეამ ჯგუფის ყველა წევრის კმაყოფილება გამოიწვია. ვიგრძენით, რომ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით წინ და ეს კი ნიშნავდა იმას, რომ რაღაც გრანდიოზულს ვიწყებდით. ამან გუნდის წევრების კმაყოფილება გამოიწვია და უფრო დიდი ენთუზიაზმით შევუდექით საქმეს. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე უკვე კმაყოფილები არიან შედეგით და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენი პროექტი წარმატებით დაგვირგვინდეს.
საბოლოოდ. ორ იდეაზე შევთანხმდით – ეს არის ელენე ახვლედიანის ქუჩის შემოქმედებითად ათვისება და სააკაძის ქუჩაზე არსებული უსახური კედლის იერსახის შეცვლა. შეიქმნა 2 ჯგუფი, თითოეულში 5 სტუდენტი გაერთიანდა და ახალი თემების დამუშავებას შევუდექით. გავცვალეთ აზრები, ინფორმაცია, მცირე კვლევის და გამოკითხვების დახმარებით გავიგეთ მოსახლეობის აზრი ჩვენ მიერ შემუშავებულ იდეებზე.
საბედნიეროდ, ჩვენი არჩევანი პროექტის ხელმძღვანელებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. მათ სრული ნდობა გამოგვიცხადეს და ყველანაირად გვიწყობენ ხელს ჩვენი იდეის განხორციელებაში.
ჩვენ ამ პროექტით უნდა შევძლოთ, უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქალაქის ცხოვრება. დავანახოთ ახალგაზრდებს, რომ, თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია. გვჯერა, ყველაფერი გამოგვივა, განვახორციელებთ პროექტს და ამაზე დიდხანს ისაუბრებენ ჩვენს ქალაქში.
ბლოგზე მუშაობდნენ: მარი გიგაშვილი და ნინო კავთელიშვილი
ბლოგი მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის
„მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“
ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.