პრემიერს მარიამ კუკუნაშვილის მფარველობაში ადანაშაულებენ
ხაჭაპურიძეს განცხადებით, 7 თვეა ტელევიზიებით ამაოდ გადის კლიპი „ჩვილების საქმე“, თუმცა ხელისუფლება ურცხვად დუმს. მისი ინფორმაციით, ბავშვები ყალბი საბუთებით უცხოელ მამაკაცებს და გეი პირებს გაატანეს ქვეყნიდან:
,,სუროგატი ჯავაშვილის გაჩენილი ბავშვი საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით გადააყვანინეს ავსტრიელ მამაკაცს, სუროგატი მუღალაშვილის გაჩენილი 2 ბავშვი-ბრიტანელ მამაკაცს, სუროგატი ღონღაძის გაჩენილი ბავშვი-გერმანიის მოქალაქე მამაკაცს და ა.შ.”
ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრისგან ითხოვს, რომ საზოაგდეობას აცნობოს ჩამოთვლილი ბავშვების დაბადების მოწმობები, რომელიც გაიცა სამოქ. რეესტრიდან, შეიცავდა თუ არა მშობლების ვინაობაზე ყალბ ჩანაწერებს; მისი ინფორმაციით, ამ ფაქტს ადასტურებს პროკურორის დადგენილება (07.05.2013) სადაც წერია, რომ მ.კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტომ გააყალბა ჩვილ ბავშვთა დოკუმენტები:
,,შსს-ს მინისტრისგან ვითხოვ აცნობოს საზოგადოებას: ჩამოთვლილი ბავშვები, აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით იყვნენ თუ არა გადაყვანილნი სახელმწიფო საზღვარზე (სსკ 344-1 მუხლი)? ამას ადასტურებს საზღვრის მონაცემები.
მთავარი პროკურორისგან ვითხოვ განმარტებას: რატომ არ უყენებთ ბრალს დამნაშავეებს #010130214003 სს საქმეზე? იქნებ იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენისას მ.კუკუნაშვილის სააგენტოს დირექტორი იყო მაკა ლაბაური, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და ოჯახის ინგლისურის მასწავლებელი იყო? რატომ არ დაინტერესდით ჩემი აუდიოჩანაწერით, რომლითაც დასტურდება, რომ გამომძიებელი, რომელიც ამ ჩანაწერშია, გამომიტყდა, რომ ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ შეაჩერებინა ჩვილების საქმის გამოძიება. აუდიოჩანაწერის შესახებ ღარიბაშვილისადმი მიწერილი ჩემი წერილი უკანონოდ გადაეცა თავად ჩუბინიძეს, რომელმაც დამირეკა ე.წ. საქმის გარჩევის მიზნით, შემდგომ ჟურნალისტებთან დაფარა დარეკვის ფაქტი და ტყუილის გამოგონება დამაბრალა. მე მივმართე სასამართლოს მაგთის დეტალური ამონაწერით. სასამართლომ მიიღო სარჩელი ა.ჩუბინიძის წინააღმდეგ, სხდომა გაიმართება 4 მარტს 11.00 საათზე“.
რაც შეეხება, მ. კუკუნაშვილს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ასოციაცია „მომავლის იმედი“-ს თავმჯდომარეს, თამარ ხაჭაპურიძეს და ირწმუნება, რომ იგი ტყუის. კუკუნაშვილი ხაჭაპურიძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს:
,,ამ ადამიანისათვის, მორალი და ზნეობა, როგორც ასეთი არ არსებობს. ის დღეს ცდილობს საზოგადოებას თავს მოახვიოს თავისი მერკანტილური და შიზოფრენიული ჩანაფიქრი – ჩირქი მოსცხოს და რეპუტაცია შეულახოს პატიოსან ადამიანებს.
ის, ამ სისაძაგლეში დებს მთელს თავის ადამიანურ და ფინანსურ რესურს, არ ერიდება მუქარას და შანტაჟს.
მას ცილისწამება და ყოვლად ამორალური ცრუ ბრალდებები გაუხდია თავის იარაღად უღირსი მიზნების მიღწევის გზაზე და დაუნდობლად თელავს მისი სამიზნის გრძნობებს, მსხვერპლად აქცევს დედებს, შვილებს.
მისთვის არ არსებობს მცნება სახელმწიფო, მას შეუძლია ფეხქვეშ გათელოს ის, თუ ეს მის ინტერესებში შედის. მას შეუძლია შეურაცყოს ქართველი ერი და მას უგონო ბრბო უწოდოს. მას შეუძლია შეურაცყოს ქართველთა რწმენა, ტალახი ესროლოს ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს.
მას, რაც ყველაზე საშინელია, არ უყვარს ადამიანი, არ უყვარს ღმერთი, თავისი გაბოროტებული არსებით შინაგანათ ებრძვის ყოველივე კეთილს და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანის ნიღაბს ამოფარებული მოქმედებს.
რიტორიკულ შეკითხვაზე – რა შეიძლება ეწოდოს ასეთ ადამიანს? არსებობს ერთადერთი პასუხი: ის არის უღირსი წევრი ჩვენი საზოგადოებისა, რომლის არსებობაც იმდენად დამთრგუნველია თავისი არაჰუმანური არსით, რომ შეცოდებას საჭიროებს.
თამარ ხაჭაპურიძევ, მეცოდები! ძალიან მეცოდები!“, – წერს მ.კუკუნაშვილი.