სტატიები

1. თელავში მოჭადრაკე თამარ ხმიადაშვილის სახელობის ორდღიანი ტურნირი გაიმართა

თელავის თეატრის მცირე დარბაზში, ჭადრაკში, დიდოსტატის თამარ ხმიადაშვილის სახელობის ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი სენიორთა შორის გაიმართა, რომელსაც თელავის ვიცე-მერი და ქალაქის საკრებულოს თავჯდომარე ესწრებოდნენ.

მოჭადრაკე თამარ ხმიადაშვილის თქმით, აღნიშნულ ტურნირში როგორც თელავის განახლებულ საჭადრაკო კლუბ „თამარის“ წევრები, ასევე სახელოვანი მოჭადრაკეები თბილისიდან, გორიდან, ლაგოდეხიდან, სიღნაღიდან, გურჯაანიდან და საგარეჯოდან მონაწილეობდნენ. 
,,გარდა საჭადრაკო კლუბების მონაწილეებისა, ტურნირში მონაწილეობდნენ ცნობილი მოჭადრაკეები. ასევე გვეწვია ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც ტურნირი მოიგო და თამარ ხმიადაშვილის თასის უალტერნატივო მფლობელი გახდა. ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთი ტურნირი ჩატარდა და აღდგა საჭადრაკო კლუბი ,,თამარი”, რომელიც ფუნქციონირებას გააგრზელებს და ყველა მსურველს შეასწავლის ჭადრაკის ხელოვნებას”, – განუცხადა Knews.ge-ს თამარ ხმიადაშვილმა. 
მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კახეთში საჭადრაკო ცხოვრება გააქტიურდა:
,,კახეთს საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებში ყოველთვის ყავდა წარმომადგენლები და დღესაც ყავს. რაც შეეხება თამარ ხმიადაშვილს, დიდი წვლილი მიუძღვის ჭადრაკის განვითარებაში. ის როგორც პედაგოგი გამოირჩევა და სწორედ მისი მოსწავლეები არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს ამ სფეროში. დიდი მადლობა ქალაქის მერიას, რომელიც დაგვეხმარა. ძალიან კარგია, რომ საჭადრაკო გუნდი ,,თამარი ” აღდგა და გააგრძელებს ფუნქციონირებას”,- განუცხადა Knews.ge-ს ნონა გაფრინდაშვილმა.
ტურნირზე ასევე საუკეთესო ხუთეული გამოვლინდა, რომელშიც ნინო მელაშვილი, გიორგი სიბაშვილი, გია ქიტესაშვილი და ვანო სიფრაშვილი. ნორჩ მოჭადრაკეებს შორის მესამე მედლის მფლობელი გახდა თამარ იმერლიშვილი, მეორე ადგილი დაიკავა შალვა ხიდეშელმა, ხოლო პირველი ადგილი დაიმსახურა გიორგი დემურხანაშვილმა.