„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილები შედის
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვას ითვალისწინებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ისეთი ფორმა, როგორიც არის სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრება, რომელიც დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. ამასთან, კანონპროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავალდებულებს: განიხილოს საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს განცხადებები, მოთხოვნები და აცნობოს მას განხილვის შედეგების შესახებ. გამგეობასთან/მერიასთან, როგორც სათათბირო ორგანო, ყალიბდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. პროექტში ახლებურად არის წარმოდგენილი პეტიციის წარდგენის წესი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტებიც.
წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომზადდა, თუმცა მასში ასევე გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ის ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო”-მ და მისმა 16-მა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანიის “თვითმმართველობის დროა” ფარგლებში მოამზადეს და 2014 წლის 24 დეკემბერს სამინისტროს წარუდგინეს.