პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
დოკუმენტით გათვალისწინებული შეზღუდვები არასამთავრობო სექტორიდან ხელისუფლების მისამართით მორიგი შენიშვნების საფუძველი გახდა.
ახალი რეგულაციები მზადაა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისებაზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში დაწესებული მორატორიუმი, რომელიც ამ ეტაპზე უკვე გაუქმებულია, მთავრობამ ამ ახალი კანონპროექტის მოსამზადებლად გამოიყენა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი შეიძლება იყოს თავად სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს მოქალაქე, საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კომლი და ასევე უცხოელი ფიზიკური პირი, თუ მის მიერ შეძენილი ფართობის ჯამური ოდენობა 5-დან 20 ჰექტრამდეა, უცხოელ იურიდიულ პირს კი 20-დან 200 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთის ფლობის უფლება აქვს.