ახალი ამბები

სახელმწიფო 99 000-ზე მეტ კახელ ფერმერს დაეხმარება

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას კახეთის რეგიონის 99 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს. აქედან ხვნის ბარათს 73 ათასი ფერმერი. დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე და შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე დღეს კახეთის რეგიონის გუბერნატორს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. “მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას. 
გუბერნატორსა და გამგებლებს გავაცანით ის სიახლეები და სპეციფიკა, რაც შარშან, შარშანწინ გვქონდა და დაგროვილი საკითხებიც განვიხილეთ, რათა წელს უფრო ეფექტურად ჩატარდეს ხვნის სამუშაოები“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ. პროექტის ბიუჯეტის 50 მილიონ ლარს შეადგენს.
მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ. 
„განსაკუთრებული პრობლემა ყოველთვის იდგა მცირემიწიანი ფერმერების დაუმუშავებელი მიწების თვალსაზრისით. იმ მიზნით, რომ არც ერთი ჰექტარი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებას. ვთვლი, რომ რეგიონში გვექნება უკეთესი სტატისტიკა მოსავლიანობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა. 
ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს“მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია.
„აგრო ბარათით“ მომსახურებას ფერმერებს წელსაც ლიბერთი ბანკი გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენის (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) შესაძლეობლობა ექნება .
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.