„რესპუბლიკელებზე“ უხეში ზეწოლა ახმეტაში – „ჩვენი პარტიის წევრებს ზურაბ ზვიადაური ბლოკავს“
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ რესპუბლიკური პარტიის წევრების ნათია ქინქლაძეს, ნინო ბიჩინაშვილს, ლევან ბორჩაევს და სხვებს გამგეობასა და საკრებულოში გამოცხადებულ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ უარი უთხრა. რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში კადრების შერჩევის პროცესში მაჟორიტარ დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური უხეშად ერევა.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში კარგად იკვეთება, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობაში, კადრების შერჩევის გადაწყვეტილების პროცესში უხეშად ერევიან არაუფლებამოსილი პირები, კონკრეტულად ზურაბ ზვიადაური. მისი ჩარევის ფაქტები არსებობდა ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში”, – განუცახდა knews.ge-ს ხათუნა სამნიძემ.
მისივე მტკიცებით, ახმეტაში რესპუბლიკური პარტიის წევრებს ავალდებულებენ პარტია დატოვონ და სანაცვლოდ თვითმმარტველობის ორგანოებში დასაქმებას ჰპირდებიან. ხათუნა სამნიძის განცხადებით, ერთ-ერთმა წევრმა, დავით სიმონიშვილმა პარტია უკვე დატოვა. სამნიძე აღნიშნავს, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიციაში, პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებს.
“ჩვენი პარტიის წევრებს ეუბნებიან, რომ თუ გინდა არ შეგექმნას პრობლემა, დატოვე პარტია. ჩვენი პარტიის წევრებს ზურაბ ზვიადაური ბლოკავს. ასეთი საკითხები კოალიციაში ყოველთვის განიხილებოდა. ამ საკითხის განხილვა აუცილებლად დადგება დღის წესრიგში”, – აღნიშნა სამნიძემ.
რესპუბლიკური პარტიის წევრს, ნათია ქინქლაძეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე ჰქონდა ვაკანსია შეტანილი, მას თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა, თუმცა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ქინლაძეს დასაქმებაზე უარი უთხრა.
რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი ლევან ბორჩაევს პანკისის ხეობაში, სოფელ ხალაწანში გამგებლის წრამომადგენლის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობდა. მან ტესტირებაზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, 41 ქულა მიიღო, თუმცა კონკურსის ბოლო, გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა. პანკისის ხეობაში გამგებლის ყველა მოქმედი წარმომადგენელი და სპეცილისტი ტესტირების ეტაპზე ჩაიჭრა, თუმცა ისინი მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ.
„პანკისის ხეობაში გამგებლის წარმომადგენლების ვაკანსიის დასაკავებლად ტესტირებაზე მარტო მე გადავლახე ზღვარი და ავიღე 41 ქულა. გასაუბრებაც გავიარე, მაგრამ მაინც არ დამნიშნეს. მე კონკურენტი არ მყავდა და თან ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში 2 წლიანი გამოცდილება მაქვს. პანკისის ხეობის სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში – ხალაწანში, დუსსა და ჯოყოლოში კომისიას არ შეურჩევია ახალი წარმომადგენელი და მოვალეობის შემსრულებლებად ისევ ის ხალხი, რომლებიც ტესტირებაში ჩაიჭრნენ“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან ბორჩაევმა.
საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, ბექა ბაიდაური კი გამორიცხავს პარტიული ნიშნით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომელთა დანიშვნას. ბაიდაური განმარტავს, რომ კომისიამ ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომლები პროფესიული უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილების და გასაუბრების ეტპაზე მიღებული ქულების მიხედვით შეარჩია.
„გასაუბრების ეტპაზე იყო გარკვეული სახის კითხვები. საკონკურსო კომისიის თითოეულმა წევრმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება. კომისიის წევრების კითხვებზე ნათია ქინქლაძის პასუხებიდან გამომდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში დასაქმებაზე უარი ეთქვა. მას უარი ეთქვა. კომისიამ, ასევე, შეაფასა ქინქლაძის სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაბამისად საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, – განუცახდა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.
ზურაბ ზვიადაური კი კატეგორიულად გამორიცხავს მის ჩარევას თვითმმართველობის საქმიანობაში და ხათუნა სამნიძის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
„გუშინ, საღამოს გავიგე რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ქალბატონი როა, რა ჰქვია არც ვიცი, სამნიძე, პრესკონფერენცია გაუკეთებია, თურმე მე ვავიწროებ მისი პარტიის წევრებს და პრობლემებს ვუქმნი. ეს სისულელეა“, – აცხადებს გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
knews.ge ამ საკითხზე აგრძელებს მუშაობას და კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკონკურსო – საატესტაციო კომისიას დღესვე მიმართავს.