გურჯაანის სასამართლო დარბაზიდან გაპარული პატიმარი ბათუმში დააკავეს
გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ სოფელ ველისციხეში მცხოვრები 21 წლის დ.ხ. მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს გურჯაანის სასამართლო დარბაზიდან 2 თებერვალს გაეპარათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა ხაჩიაშვილმა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა კ-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიმა ხაჩიაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში სოფელ ველისციხეშივე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დიმა ხაჩიაშვილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. სამართალდამცველებმა დიმა ხ. ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიება დიმა ხაჩიაშვილის მიმართ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით).