ახალი ამბები

სასოფლო კოოპერატივებმა ევროკავშირისგან მატერიალური მხარდაჭერა მიიღეს

საზეიმო ღონისძიებას ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის ატაშე სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში ხუან ეჩანოვე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.
Enpardის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით, საგრანტო სქემა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდას და ბიზნესზე ორიენტირებულ ფერმერთა მცირე ჯგუფებისთვის ან სოფლის მეორნეობის კოოპერატივებისთვის შემოსავლების გაუმჯობესებას ფინანსურად მდგრადი სქემების დანერგვის მეშვეობით.
,,კოოპერატივებს, რომლებმაც გრანტზე განაცხადი შეიტანეს, ბიზნესის დაგეგმარებასა და ორგანიზაციულ განვითარებაში ჩაუტარდათ ტრეინინგები; მათ ასევე სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებისგან მიიღეს რჩევები, იმისათვის რომ შეექმნათ მაღალი ხარისხის ბიზნეს გეგმა, რათა მიეღოთ თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა Enpard –ის ფარგლებში. ტრეინინგები ფერმერებს კოოპერატივის მართვის უკეთ გააზრებაში, წევრებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაში, რესურსების სწორად და ეფექტიანად მიმართვაში დაეხმარა. Enpard-ის მიერ გაცემული გრანტები საქართველოში 160 კოოპერატივზე მეტს გაუწევს მხარდაჭერას,’’- განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა.
Enpard-ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა 700-ზე მეტმა მცირე ფერმერულმა ჯგუფმა მიიღო, რომელთა უმეტესობამ ბიზნესის წარმოებისა და კოოპერაციის პოტენციალი გამოავლინა. წარმატებულმა მონაწილეებმა ბიზნეს-გეგმის შედგენასა და კოოპერატივების ორგანიზებაში მიიღეს ინფორმაცია და ცოდნა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილის, ბორის იაროშევიჩის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, კოოპერატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებაში.
,,კოოპერატივები ხელს უწყობენ მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების წარმოებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პატარა კოოპერატივებს აქვთ დიდი მომავალი. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს რეგიონებში სერიოზულად გაიზარდა კოოპერატივების რაოდენობა. ეს არის კაპიტალური ინვესტიცია, რომელსაც მიიღებს მცირე ფერმერი. გარდა ამისა, მივიღეთ ბევრი საინტერესო იდეა, მაგრამ მოხდა ძალიან მკაცრი გადარჩევა და გვიხარია, რომ გრანტს გადავცემთ საუკეთესო მცირე ფერმერებს.
ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ €52 მილიონით დაფინანსებული პროგრამაა. 2012 წლის დეკემბერში ხელმოწერილი პროგრამა მიზნად ისახავს საკვების წარმოების ხელშეწყობასა და სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრას. გრანტების მინიჭების გარდა, Enpard-ი ასევე ახორციელებს საქართველოს მთავრობის პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სფეროში სტრატეგიის განხორციელებისათვის და უზრუნველყოფს ცოდნისა და უახლესი მიდგომების გაზიარებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის‘’,- განაცხადა ბორის იაროშევიჩმა.
კოოპერატივების დაჯილდოვების ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით ასევე ევროკავშირის ატაშემ სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში, ხუან ეჩანოვემაც მიმართა. მისი თქმით, კოოპერატივების არსებობა წარმოების გაფართოვებას უწყობს ხელს და ამ მხრივ, საქართველო სწორ გზას ადგას.
ხუან ეჩანოვემ ასევე Enpard-ის საგრანტო კონკურსის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებულმა ექსპერტებისგან მიიღეს ტექნიკური რჩევები, შექმნეს მაღალი ხარისხის ბიზნეს გეგმა და წარმატებით განახორციელეს.
,,ფერმერმერული მეურნეობები საქართველოში წვრილად არიან წარმოდგენილი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და გამოცდილება. ეს სხვაგანაც ასეა. კოოპერატივების შექმნა კი წვრილ ფერმერებს საშუალებას მისცემს გაზარდონ წარმოება, რომელიც გაერთიანების შემთხვევაში გახდება ბიზნეს ორიენტირებული კომპანია. ფერმერებისთვის ხელსაყრელია, რომ შეიკრიბონ ერთად, იმუშაონ და მინიმალური დანახარჯებით მიიღონ შემოსავალი. მთავარი ამაში არის ის, რომ ერთი პირი არ იღებს გადაწყვეტილებებს და ამ პროცესში თავად ფერმერები არიან ჩართული. აგროკულტურის კუთხით საქართველო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა ევროპაში და წარმოებულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე აქვს დიდი მომავალი’’,– განაცხადა ხუან ეჩანოვემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძეს თქმით, სამინისტროსთვის კოოპერატივების განვითარება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. მისივე თქმით, იმ ფერმერებმა, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას ევროკავშირის გრანტით დაფინანსდნენ.
,,კოოპერატივიზაცია და მისი განვითარება ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და სტრატეგიული მიმართულება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულება, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას და მათ ბიზნესორგანიზაციებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ფერმერებს ეხმარება ბიზნეს გეგმის დამუშავებაში და დონორების მოძიებაში. დღევანდელი კოოპერატივები არ არის კოლმეურნეობა, ეს არის ის ფორმაცია, რომელიც ეხმარება მცირე მიწიან ფერმერს, რომ გაზარდოს წარმოების მოცულობა, კონკურენტუნარიანობა და შემოსავლები. ჩვენ ამ მიმართულებით საქმიანობის და მხარდაჭერის გაგრძელებას ვაპირებთ და ამ ყველაფრისთვის მე ევროკავშირს ვუხდი მადლობას რომ გვერდში გვიდგას’’- აცხადებს კერესელიძე.
წარმატებული კოოპერატივების დაჯილდოვების შემდეგ, ქუთაისის სოფელ ქვიტირში, შედგა მედია ტური, სადაც რეგიონული და ცენტრალური მედია ორგანიზაციების ჟურნალისტებმა წარმატებული კოოპერატივი ,,ქვიტირი’’ და იქ არსებული სასათბურე მეურნეობა მოინახულეს რომელიც Enpard-ის ხელშეწყობით დარეგისტრირდა.
კოოპერატივის თავმჯდომარის, გოდერძი შავგულიძეს თქმით, „ქვიტირი“ 2014 წლის ბოლოს შეიქმნა და მასში 5 ფერმერი გაერთიანდა.
,,ხუთივე ფერმერს, რომლებსაც გაგვიჩნდა იდეა კოოპერატივი გაგვეკეთებინა, გვქონდა ცერეცოს სასათბურე მეურნეობები, რომელიც კარგად ვერ მუშაობდა რადგან ჭირდა მოსავლის რეალიზაცია. Enpard-ის დახმარებით მე და ჩემმა მეგობრებმა დავარეგისტრირეთ კოოპერატივი და ყველაფერი გამოგვივიდა. გავიარეთ ტრენინგები, მივიღეთ კვალიფიციური რჩევები და ჩვენი შემოსავალიც გაიზარდა. სათბურში ადგილობრივი მუშახელი გვყავს დასაქმებული. რაც შეეხება პროდუქციის პროდუქციის რეალიზაციას Enpard-ი დაგვეხმარა ბაზრის მოძიებაში და ახლა ჩვენი მოყვანილი მოსავალი აზერბაიჯანში, ბელორუსიასა და რუსეთში გაგვაქვს. გარდა ამისა, ვაპირებთ გაფართოვებას და გვინდა მეტი ფერმერი შემოგვიერთდეს ’’,- აცხადებს გოდერძი შავგულიძე.