ეკა ყუშიტაშვილს 30 დღიანი პატიმრობა ემუქრება
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი დაარღვია ამ ადამიანმა, ეს ითვალისწინებს 30დღიან პატიმრობას; გარდა ამისა, არის ფინანსური სახდელი, რომელსაც დააწესებს სასამართლო, რადგან ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა,” – განაცხადა ონიანმა.
ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე დღის წინა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ეკა ყუშიტაშვილი გააჩერა. ჯარიმის დაწერის გამო ყუშიტაშვილმა პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამავე დროს ჯარიმის გაუქმების მიზნით საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს დაუკავშირდა. ყუშიტაშვილის განცხადებით, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს არ იცნობს და პატრულის თანამშრომელს დავით ცინარიძის გვარი მხოლოდ დაშინების მიზნით უხსენა:
„არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი. გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ,“ – განაცხადა ეკა ყუშიტაშვილმა.
მან პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფა გაღიზიანებით ახსნა და განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ მას გადაეკიდა პატრულის ერთი თანამშრომელი, რომელიც ხშირად აჩერებდა და საბუთების ნაცვლად ტელეფონის პირად ნომერს სთხოვდა.