სასამართლომ ქალაქ თელავის საკრებულოს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
თელავის საკრებულოს წევრის, ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადებით, საკრებულომ სექტემბერში ეს უკანონო გადაწყვეტილება კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის დავალებით მიიღო და რეგიონის პირველი პირი აიძულებს ქალაქის უმაღლეს საკონმდებლო ორგანოს, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.
„სამმა დეპუტატმა სექტემბერში მივმართეთ საკრებულოს ფრაქცია „ძლიერი თელავის“ შექმნასთან დაკავშირებით. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ყოველგვარი კანონის დარღვევით უარი გვითხრა ფრაქციის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ სასამართლოს. ჩვენ ვთვლიდით და დღესაც ვთვლით, რომ ამას კანონთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ეს იყო კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის დაუოკებელი სურვილი, რომ საკრებულოში არ ყოფილიყო ოპოზიცია ძლიერი ფორმით. ჩვენ გვქონდა ოთხი მოთხოვნა და ყველა ნაწილში გაგვამართლა. მე, როგორც, მაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი შიოლაშვილი უხეშად ერევა თვითმმართველობის მუშაობაში და ის აპირებს საკრებულოზე ზეწოლა მოახდინოს, რომ საკანონმდებლო ორგანომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, რათა ეს პროცესი დროში გაიწელოს. ჩვენ კვალიფიციურ იურისტებთან, თვითმმართველობის ექსპერტებთან გავიარეთ კონსულტაცია ამ საკითხის შესახებ. ჩვენ და პარლამენტის წევრებს გვქონდა ერთობლივი სხდომა. თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ საკრებულოს არანაიარი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა, რომ ოპოზიციისათვის ფრაქციის შექმნაზე უარი ეთქვა “, –
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში ჩარევას და ნიკოლოზ ვარდოშვილის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.
„ნიკოლოზ ვარდოშვილს არ ვთვლი ღირსად, რომ პასუხი გავცე. ის არის სერიოზული ინტრიგანი და ამიტომ ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ. მე მედია საშუალებებთან არაერთხელ განვაცხადე, რომ მე თვითმმართველობის საქმიანობაში არ ვერევი. რომელ ორღობეში და სად წაიჭორავებს ნიკოლოზ ვარდოშვილი, ვთვლი, რომ ღამით ამ დროს გუბერნატორს არ უნდა ურეკავდეთ და არ უნდა ეკითხებოდეთ, ეს მართალია თუ არა“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს დაავალა, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფრაქცია “ძლიერი თელავის” რეგისტრაციის შესახებ.
ქალაქ თელავის საკრებულო გეგმავს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
“ახალი მემარჯვენეების” წევრი, ნიკოლოზ ვარდოშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბაადურ რევაზიშვილი და ლევან არჯევანიძე ოპოზიციური ფრაქციის შექმნას 2014 წლის სექტემბრიდან ითხოვენ.