თელავი C ჰეპატიტის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, ლიკა იმერლიშვილის თქმით, დღეიდან ასევე სტარტს აიღებს საინფორმაციო კამპანია C ჰეპატიტთან ბრძოლის წინააღმდეგ.
,,საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად ცხადდება. პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის თებერვლიდან იგეგმება დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს. პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ყველა პატიმარი ჩაერთვება. ჩვენც ამ აქციით შევუერთდით კამპანიას”,- განუცხადა Knews.ge-ს ლიკა იმერლიშვილმა.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღო ინფექციონისტმა შოთა რაინაულმა, რომელმაც მოზარდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და C ჰეპატიტის პრევენციის გზებზე ისაუბრა.