ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო სილამაზის და ტატუს სალონების მონიტორინგს იწყებს

მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ განისაზღვრა იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც მაღალი რისკის მატარებელი იყო, რაც სილამაზის და ტატუს სალონებია, სადაც არანაირი რეგულირება არ ვრცელდება.

კვარაცხელიას თქმით, ამ სალონებში ვერავინ შედიოდა და იმასაც კი ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა შიგნით. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქ ჩართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ამ შემთხვევაში არც მონიტორინგში და არც შემოწმებებში რეგულაციის სააგენტო არ იღებს მონაწილეობას, ეს იქნება გაცნობითი ხასიათის ღონისძიებები. შეიქმნა კითხვარი, რომლის მეშვეობითაც ზუსტი ინფორმაციაა მისაღები, თუ რა ხდება შიგნით ინფექციური კონტროლის წინააღმდეგ.
მისივე თქმით, მათ ამ დღეების განმავლობაში ძალიან სწრაფად იმუშავეს და ჩაატარეს ინვენტარიზაცია ყველა სილამაზის სალონის, რომელიც არის თბილისსა და რეგიონებში, რაც დაახლოებით ჯამში 500-მდეა. 
,,რა თქმა უნდა მე შორს ვარ იმისგან, რომ ეს ზუსტი რიცხვია და ამ მიმართულებითაც სამინისტროს თანამშრომლები იმუშავებენ, რომ ყველა სალონი აღმოაჩინონ და გაატარონ ის ღონისძიებები, რომლებიც არის გაწერილი სკურპულოზურად, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება მონიტორინგს და გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს სალონებში, კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ამას მინისტრის შესაბამისი ბრძანება სჭირდება, რომელიც ხვალისთვის მზად იქნება და მომავალი კვირიდან დაიწყება მონიტორინგი.