სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგროდაზღვევის ტარიფებზე მსჯელობენ
აგროდაზღვევის ტარიფები გადაიხედება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ხელისუფლება კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებს დაამონტაჟებს. ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, გაძვირდება თუ გაიაფდება აგროდაზღვევა.
ოთარ დანელიას უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მუშავდება ის მონაცემები, რაც უკვე არსებობს, კერძოდ, ხდება ანალიზი, როგორი შედეგები დადო დაზღვევამ, რა ხარვეზებია და ა.შ. დამატებითიდეტალები ცნობილი არ არის.
„სადაზღვევო ასოციაციის“ თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი კი ვარაუდობს, რომ აგროდაზღვევა გაიაფდება, რადგანაც სეტყვის საწინაამღდეგო აპარატის დამონტაჟების შემდეგ შემცირდება ნალექის მოსვლის რისკი, შესაბამისად, დაზღვევის ტარიფიც უნდა შემცირდეს.
„თეორიაში ასეა, უნდა შემცირდეს, პრაქტიკაში კი ვნახოთ, რა იქნება. რას შემოიტანენ, როდის შემოიტანენ, სად დააყენებენ ამ აპარატებს. სეტყვის საწინააღმდეგო აპარატების დამონტაჟების შემდეგ უნდა გაკეთდეს დაკვირვება, როგორ მოქმედებს ის, როგორ ამცირებს ნალექს და სად? რამხელა ტერიტორიას მოიცავს და ა.შ.“,- აცხადებს ,,კომერსანტან” ხეჩინაშვილი.
მისივე თქმით, სწორედ ამ ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი თქმა, როგორ დაკორექტირდება აგროდაზღვევის ტარიფი.
აგროდაზღვევის პროექტში სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%–დან 95%–მდე სახელმწიფო იხდის. ამ პაკეტის ღირებულების სუბსიდირებისას სახელმწიფო ანაზღაურებს მაქსიმუმ 30 ათას ლარს ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხოლო 50 ათას ლარს კოოპერატივის შემთხვევაში.
პროექტის ფარგლებში ყველა სასოფლო–სამეურნეო კულტურა დაიზღვევა – დაზღვევა შეეხება ისეთ სტიქიებს, როგორიცაა სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

