ახალი ამბები

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო აპარატების პროექტზე 22 მილიონი ლარი დაიხარჯება

კახეთის რეგიონში გაზაფხულზე სეტყვის საწინააღმდეგო აპარატები დამონტაჟება. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია. ლოკაციების შერჩევაზე კომპანია „დელტა“ უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად მუშაობდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კახეთის რაიონში არჩეულია 84 წერტილი, სადაც აპარატები უნდა დამონტაჟდეს. „დელტას“ წარმომადგენლების ცნობით, ეს არის ძირითადად ის ადგილები, სადაც საბჭოთა კავშირის დროს იგივე ტიპის აპარატები იყო დამონტაჟებული.
„ეს ადგილები ხელახლა შემოწმდა, გეოფიზიკის ინსტიტუტთან და ჰიდრომეტერეოლოგიურ ცენტრთან ერთად და ერთობლივი კვლევის მიხედვით შეირჩა“,- აცხადებენ „დელტაში“.
მათივე ინფორმაციით, უკვე იწყება ადგილებზე სათბურების მშენებლობა და თუ ფორსმაჟორმა ხელი არ შეუშალა მუშაობას, გაზაფხულის ბოლოს აპარატები უკვე დამონტაჟებული იქნება.
სეტყვის საწინააღმდეგო აპარატების პროექტისთვის 22 მილიონი ლარი მთავრობამ გამოყო.