ახალი ამბები

უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება უბრუნდებათ

მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები არეგულირებს, რომელიც იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

პროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება აქვს სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ამ უფლებით უცხოელიც ისარგებლებს, თუმცა გარკეული პირობების არსებობის შემთხვევაში.

კერძოდ, უცხოელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მემკვიდრეობის გზით აქვს მიღებული; ასევე, როცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში, უცხოელი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე წილს ინარჩუნებს, თუ ის უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონა იმ უცხოელსაც შეეძლება, რომელსაც “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა გააჩნია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტები, რომლებიც საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს ვეღარ დააკმაყოფილებენ, ვალდებულნი ხდებიან, საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრების უფლების არსებობისათვის აუცილებელი პირობის დარღვევიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისონ.