თელავში ევროინტეგრაციის მინისტრმა სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა გამართა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მედია კაფეში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე ყურადღება საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა, ასევე, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასა და რატიფიცირებაზეც ისაუბრა:
,,ბოლო ორი წელი უმნიშვნელოვანესია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასევე, შემუშავდა საქართველო–ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა. იგი წარმოადგენს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014–2016) საქართვლო-ევროკავშირის ერთობლივ გეგმას”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საზღვრის მართვა, ადამიანით ვაჭრობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება, დოკუმენტების უსაფრთხოება და მიგრაციის მართვა და სხვა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ევროინტეგრაციის მინისტრი ყვარელში საჯარო მოხელეებს, ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

