ახალი ამბები

თელავსა და გურჯაანში ქუჩების დამისამართება დასრულდა

 სამუშაოები უკვე დასრულდა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ფოთში, ზესტაფონში, სამტრედიაში, სენაკში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ქობულეთში, ხაშურში, ახალციხეში, გურჯაანში, საგარეჯოში, ბოლნისსა და მცხეთაში. ასევე დამისამართდა მცხეთაში შემავალი სოფლები.
„დამისამართების პროექტზე მუშაობას სააგენტო აქტიურად აგრძელებს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახელებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები გახდება“,-აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.
სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის შიო ხეცურიანის განცხადებით, ახალ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.
არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები. 
დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.