ახალი ამბები

გამოუყენებელი მიწების მფლობელებს გადასახადებს გაუზრდიან

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, გლეხს, ვისაც მოსავალი არ მოჰყავს, შესაძლოა გადასახადები გაუზარდონ: „ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება იგივე პირობებში გვყავდეს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც უვლის მიწას. აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში და სერიოზულად განვიხილავთ საგადასახადო ნაწილში აგრარული მიწის სოფლის მეურნეობის დანიშნულებით არგამოყენების, ან უმოქმედობის შემთხვევაში გადასახადების გაზრდას“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
დანელიასვე განცხადებით, მიწის გასხვისების ნაწილში შესამუშავებელი იქნება ისეთი ელემენტი, რომელიც მიწის ნასყიდობის მინიმალურ ზღვარს დაადგენს: 
„თუ კითხვა ისმის ასე, უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა, რა თქმა უნდა, უნდა გაიყიდოს და ის უნდა მოხვდეს ბრუნვაში, მაგრამ პირობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიწის პროპორციულ და სწორ გამოყენებას. რაც შეეხება კერძო პირისგან უცხოელზე მიწის გასხვისებას, ამ ნაწილში ჩვენ შევჯერდით კანონპროექტის დონეზე, რომ მინიმუმ 5 ჰა უნდა შეიძინოს და მაქსიმუმ 20 ჰა, მაგრამ უნდა ჰქონდეს ბინადრობის მოწმობა. თუ მეტის შეძენა სურს, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს იურიდიულ პირად, რათა მოექცეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და მინიმუმ 20 ჰა შეეძლება შეიძინოს, მაქსიმალური ზღვარი კი 200 ჰა არის. თუ 200 ჰა-ს სცდება და აქვს განსაკუთრებული პროექტი, არც ესაა პრობლემა, მაშინ პროექტი მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს განსახილველად. მე ერთხელ უკვე ვუშუამდგომლე ასეთ პროექტს. ეს არის ჰოლანდიელი ბიზნესმენი, რომელმაც სათბური გახსნა სამტრედიაში და თავისი ოჯახიც აქ ჩამოიყვანა. ასეთი პროექტები პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი“.