ახალი ამბები

პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი აქტიურად ითანამშრომლებს ყველა იმ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებული იქნება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრასთან და მონიტორინგს გაუწევს ასეთ ფაქტებს. პრეზიდენტის განცხადებით, ძალადობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაგვარებელი საკითხია, მაგრამ სანამ ვითარება მივა ძალადობამდე, მანამ მთელი საზოგადოების აქტიურობა და პროპაგანდაა საჭირო. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით საჭიროა პარლამენტის გააქტიურებაც და მზად არის ამ ნაწილშიც აქტიურად ითანამშრომლოს საკანონმდებლო ორგანოსთან.
პრეზიდენტის აზრით, ამ პრობლემიდან ამოსავალი არის ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. “პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუჭერს მხარს, რომ მეტი ქალბატონი არა მხოლოდ ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს და უკეთეს ქვეყანას ქმნიდეს, არამედ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ყველაზე მაღალ დონეზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.