ახალი ამბები

„სათესლე და სარგავი მასალის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა „სათესლე და სარგავი მასალის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, „სათესლე და სარგავი მასალის შესახებ“ კანონპროექტის მოსამზადებლად, ამ მიზნისთვის შექმნილი 16 სპეციალისტისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან და მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან და მათი მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, სერთიფიცირების სისტემის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში შესაბამისი კანონის უქონლობით გამოწვეულ აქტუალობას, საქართველოში გავრცელებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სერთიფიცირების სისტემის შექმნის აუცილებლობას და დისკუსია გაიმართა კანონპროექტში გამოყენებული ტერმინოლოგიის, დეფინიციების, შინაარსობრივი, ტექნიკური და იურიდიული საკითხების შესახებ. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, სამართლებრივი კუთხით, ევროკავშირისა და კონკრეტულად, ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე იმსჯელეს, რაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ჰარმონიზაციის პროცესში.