მთავრობა ქათმის დაკვლის წესის შესრულებაზე კონტროლს ამკაცრებს
ასეთი სასაკლაო საქართველოში მხოლოდ 2 კომპანიას აქვს: “ბიუ ბიუს” მწარმოებელ ჩირინას და “კოდას”. მცირე ფერმერებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავთ, სასაკლაოების არარსებობის გამო, შესაძლოა მეურნეობების გაუქმება მოუხდეთ. დარგის ექსპერტთა თქმით, არსებული ვითარებიდან ერთერთი ყველაზე პრაგმატული გამოსავალი რამდენიმე მცირე ფერმერის გაერთიანება და საკუთარი, ახალი სტანდარტების შესაბამისი სასაკლაოს გაკეთებაა.
ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ ქათმის დაკვლის წესის შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება მცირე ფერემერებისთვის სენსიტიური საკითხია:
“ჩვენი წევრი ფერმერებიდან 1000 -მდე მეფრინველეობაშია ჩართული. ისინი ძირითადად წვრილი და საშუალო ფერმერები არიან და 500-დან 20 000-მდე ფრთა ქათამს ზრდიან. დღეს მათ აქვთ განცდა, რომ არსებობის საშუალებას ართმევენ, რადგან იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც მათ მიმართ 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, მცირე შემოსავლების გამო ვერ შეძლებენ.
დღეს ყველაზე მთავარია, რომ ამ ადამიანებს მოვუსმინოთ და მათ რაც შეიძლება ბევრი საჭირო და მათზე მორგებული ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა. სურსათის უვნებლობის სამსახური კარდაკარის პრინციპით უნდა მუშაობდეს: სოფლად ყველა მეურნემდე უნდა მივიდეს ინფორმაცია კონკრეტული სქემებითა და კოორდინატებით. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რას მოითხოვს ახალი წესები და რეგულაციები, რა ფინანსურ დანახარჯებთან ექნებათ საქმე, რას სთავაზობს ხელისუფლება, რა ფინანსურ რესურსებზე ექნებათ ხელმისაწვდომობა, ვის მიაკითხონ და ა.შ. რაც მთავარია, უნდა ავუხსნათ, თუ როგორ აისახება მის კეთილდღეობაზე ეს რეფორმები. მან უნდა გაიაზროს, რომ არის რეფორმის მთავარი მონაწილე სუბიექტი. მაშინ იგრძნობს ფერმერი თავს დაცულად”.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე www.eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნორმატიული მოთხოვნები ქათმის დაკვლასთან დაკავშირებით ფერმერებისთვის ახალი არ არის.
,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი ძალაში 2012 წლის 7 მარტს შევიდა. აქ არის მოთხოვნები როგორც მსხვილფეხა საქონლის, ისე ღორის და ფრინველის, მათ შორის ქათმის დაკვლისადმი. ჰიგიენის მოთხოვნები, როგორ ჰიგიენურ პირობებში უნდა დაიკლას ქათამი, დიდი ხანი არსებობს და ჩვენ მათ შესახებ ფერმერებს ვაფრთხილებთ. ვუწერთ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ უნდა შეუსაბამონ საქმიანობა კანონმდებლობას.”