ახალი ამბები

სოფელ შაშიანში 50 ლარი ვალის გამო 45 წლის მამაკაცი მოკლეს

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, მკვლელობის მიზეზი 50 ლარი ვალი გახდა, რომელიც ქართლელიშვილს სოფელ კალაურში მცხოვრები პირისთვის ემართა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა, რა დროსაც ავთანდილ ქართლელიშვილ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილის შვილი – 2000 წელს დაბადებული ვალერი ქ. და მეზობელი –1954 წელს დაბადებული აკაკი ჩ. დაიჭრნენ. 
დაჭრილები გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გიორგი ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კალაურში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.