გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელს შესაძლოა, დისციპლინური სახდელი დაეკისროს
“მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი” განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებსა და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს კერძო სკოლა განსაზღვრავს.
ბრძანების თანახმად, მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: “მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის” დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. ამასთან, მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.
მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომებიდან ერთ-ერთის ჩადენის დისციპლინური წარმოების შედეგად დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება მას დაეკისროს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი.
ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სახდელის სხვა სახე კი შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.
ბრძანების თანახმად, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება მასწავლებელს დაეკისროს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.
დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც პირის პატივსა და ღირსებას ლახავს. ასევე, დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი კი შეიძლება იყოს მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს; ასევე წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება ასევე იყოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.
მასწავლებელს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. თუმცა, დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
ბრძანების თანახმად, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
დისციპლინური სახდელის მოქმედების მაქსიმალური ვადაა ერთი წელი. ვადის გასვლის შემდგომ ან ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მასწავლებელს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.