2015 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება
მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და უზენაესი სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურებათ.
მათი შემცვლელეთა წარდგენის ექსკლუზიური უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს. დამტკიცებისთვის კი საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლეობა – სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
კოტე კულბაშვილის სავარაუდო შემცვლელთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. ითქვა რამდენიმე პოლიტიკოსის გვარიც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ კონსულტაცია არც ერთ კონკრეტულ კანდიდატურასთან არ დაწყებულა. თავად გიორგი მარგველაშვილთან დაახლოებულ წყაროთა ცნობით, პრეზიდენტის სურვილია, პარლამენტს შესთავაზოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ისეთი კანდიდატურა, რომლის სახელიც არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებული არ იქნება, ამასთან, იქნება სამართლის მაღალი რანგის სპეციალისტი, ცნობილი პრინციპული და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებით.