ახალი ამბები

თელავის თეატრი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარს მიიღებს

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გადაეცემა.  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პაატა გულიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 160 ათასი ლარი თეატრის მსახიობების და ტექნიკური პერსონალის ხელფასების გაზრდას მოხმარდება.
გულიაშვილისვე თქმით, კომუნალურ გადასახადები, ტექნიკური აღჭურვა, სადადგმო და საგასტროლო ხარჯები 140 ათასი ლარით განისაზღვრა. ამჟამად, თეატრში 65 ადამიანია დასაქმებული, აქედან 18 მსახიობია. თეატრის დასში ახალგაზრდა მსახიობების აყვანაც იგეგმება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს რეგიონებში თელავის თეატრი ერთადერთია, რომელსაც დაბალი სახელფასო ფონდი აქვს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მსახიობის ანაზღაურება დაახლოებით 70%-ით, დამსახურების მიხედვით გაიზრდება და 1000 ლარზე მეტს შეადგენს.