ახალი ამბები

სექტემბრიდან პედაგოგთა საბაზო ხელფასი 355 ლარი გახდება

პარლამენტმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაამტკიცა. დამტკიცებული ბიუჯეტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 853.9 მლნ ლარი, რომელიც 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 99.6 მლნ ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით – 25 მლნ ლარით.
მასწავლებელთა სახელფასო ზრდა, მასწავლებლობის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად განხორციელდება 3 ეტაპად, რომელიც დაიწყება 2015 წლის სექტემბერში და გაგრძელდება 2016-2017 წლებში.
კერძოდ, 2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი გაიზრდება 17%-ით და გახდება 355 ლარი. პირველი კარიერული საფეხურის – პრაქტიკოსი მასწავლებლის (პირველი ეტაპი) სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალო ხელფასი გაიზრდება 400 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური ხელფასი 480 ლარამდე.
მეორე კარიერული საფეხური – უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება (პირველი ეტაპი) სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალოდ, 31-34%-ით გაიზრდება და გახდება მინიმუმ 500, ხოლო მაქსიმუმ 650 ლარი. მესამე და მეოთხე კარიერული საფეხური – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ანაზღაურება (პირველი ეტაპი) სრულ განაკვეთის შემთხვევაში, საშუალოდ, იქნება 760 და 860 ლარი.
პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება შესაბამისი სქემის ფარგლებში, რომელშიც გაწერილია პედაგოგთა 4 საკვალიფიკაციო საფეხური – პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მეთოდისტი მასწავლებელი და საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის კრიტერიუმები. პედაგოგს, უმაღლესი კატეგორიის მისაღწევად, 6 წელი დასჭირდება.