ახალი ამბები

ჟურნალისტური ქარტია პოლიციას „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტთა დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ ,,სამხრეთის კარიბჭის” რედაქციის, ტელეკომპანია “მაესტროს” კორესპონდენტისა და რაიონში ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება.

სოფელ გოგაშენის მკვიდრთა ნაწილის საპროტესტო აქცია რედაქციასთან 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ იმ სტატიას მოჰყვა, რომელშიც ბრალდებულის ნათესავები პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობდნენ. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ ამავე სოფელში მომხდარ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობას და მის გამოძიებას.

ქარტია იმედოვნებს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება იქნება ადეკვატური
და ოპერატიული, ამავე დროს სრულად იქნება უზრუნველყოფილი მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება და ჟურნალისტებს ხელი არ შეეშლებათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ამასთან, ქარტია შეახსენებს საზოგადოებას, რომ ,,სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები და რედაქტორი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები არიან და იღებენ პასუხისმგებლობას, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შეასწორონ მასალა. თვითრეგულირების
ამ მექანიზმით შეუძლიათ ისარგებლონ სოფელ გოგაშენის მცხოვრებთა ნაწილმაც და პოლიციელებმაც, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რედაქციამ მოვლენები ტენდენციურად გააშუქა, – აღნიშნულია ქარტიის საბჭოს განცხადებაში. 

ფაქტს რედაქციაც გამოეხმაურა: „რედაქციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ უკან სხვები დგანან. ეს აქცია დაემთხვა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ სტატია. აქვე გეტყვით, რომ ამ თემაზე მასალები მოამზადა ტელეკომპანია “მაესტრომაც” და დღის წესრიგში დადგა სამმართველოს უფროსის თეიმურაზ კალანდაძის მოხსნის საკითხი. 

დღეს საღამოს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სიტყვიერი დაპირისპირება ჟურნალისტებსა და დაზარალებულებს შორის, ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. რედაქციასთან მობილიზებული იყო პოლიცია და იცავდა წესრიგსა და უსაფრთხოებას. 

„სამხრეთის კარიბჭე“ აცხადებს, რომ ეს იყო რედაქციის მუშაობაში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობა. ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს რეადქციისა და მისი ყველა თანამშრომლის უსაფრთხოებას და მსგავს ფაქტი აღარ განმეორდება.

„სამხრეთის კარიბჭე“ აქვე ხაზგასმით ამბობს, რომ გოგაშენში მომხდარი ამბავი იყო შემზარავი, ესმის დაზარალებულების გულისტკივილი და თანაუგრძნობს მათ. თუმცა, პროფესია გვავავლდებულებს აღვწეროთ ყველა ამბავი და ყველა პრობლემა, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამდენად, რედაქცია გვერდს ვერ აუვლიდა ამ ამბებს და მოვლენათა განვითარებას მომავალშიც მიადევნებს თვალს-“, აცხადებს გაზეთის რედაქტორი ნინო ნარიმანაშვილი.