ვინც სქესობრივ განათლებაზე უარს ამბობს ის უარს ამბობს ბავშვის აღზრდაზე
საქართველოში სქესობრივი სწავლების დანერგვის პირველი მცდელობიდან თითქმის 10 წელი გავიდა და ამ მიმართულებით ცვლილება არ განხორციელებულა. სკოლაში სქესობრივი აღზრდის სავალდებულო საგნად დანერგვაზე არავინ საუბრობს. საკითხი, ფაქტობრივად, ტაბუირებულია და მასზე საჯარო განხილვები არ მიმდინარეობს.
მეათეკლასელ ლიკა აივაზაშვილის აზრით, უნდა არსებობდეს ილუსტრირებული წიგნები და სახელმძღვანელოები:
-,,არასწორად არის აღქმული სქესობრივი აღზრდა ჩვენში და ეს მიაჩნიათ სირხვილად. ეს ხდება იმიტომ, რომ ოჯახში მოზარდობის პერიოდში მას მშობლებმა უარი უთხრეს ინფორმაციის მიღებაზე და არ უპასუხეს მის შეკითხვებს. ეს არ არის სირცხვილი, თუ ვამბობთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ, განათლებაც შესაბამისი უნდა გვქონდეს. არ უნდა გვრცხვენოდეს კითხვების დასმის და არ გვეშინოდეს ინფორმაციის მიღების. სირცხვილი ის არის, რომ პორნოფილმებიდან იგებდე დამახინჯებულ ინფორმაციას და არაფერი იცოდე ინფექციურ დაავადებებზე ან ელემენტარულ ესთეტიკაზე. ამიტომ უნდა დაგვანახონ, რომ სექსუალური განათლება არ არის გარყვნილება.”
სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე საუბრობს სექსოლოგი, პროფესორი და მედიცინის დოქტორი არჩილ ბაქრაძე. მისი შეფასებით, სქესობრივი განათლება არათუ საჭირო, არამედ სავალდებულოა რადგან სქესობრივი აღზრდა ბავშვის, მოზარდის აღზრდის ნაწილია:
,,პირველივე კლასიდან უნდა ისწავლებოდეს საკუთარი სქესისთვის დამახასიათებელი ქცევა და ზოგადად, სექსობრივი აღზრდის ელემენტები. თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი აღზრდა საჯარო სკოლებში, ამ საკითხებზე პროფესიონალებმა უნდა იმუშავონ, მათ ვინც იციან ფსიქო-კულტურალური გარემო, რომელშიც ესა თუ ის აუდიტორია არსებობს, – განმარტავს არჩილ ბაქრაძე.
საქართველოში მოზარდების სქესობრივი განათლების შესახებ კვლევა არ არსებობს, მეტიც სექსუალური განათლების საჭიროებაზე ყოველგვარი წამოწყება, კამათი თუ საჯარო განხილვები შეწყვეტილია.
ბავშვთა ფსიქოლოგები გამარტავენ, რომ სქესობრივი გაანთლება უნდა იწყებოდეს 4-5 წლის ასაკიდან, როცა ბავშვი ამჩნევს იდენტობას:
,,ბავშვის შეკითხვებს ყოველთვის უნდა გავცეთ ამომწურავი პასუხები, რომ არ გაუჩნდეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ინფორმაციის მიწვდა უნდა ხდებოდეს ასაკის შესაბამისად, როგორც ოჯახში, ასევე, სკოლაში, – აცხადებს ბავშვთა ფსიქოლოგი თამარ თუშიშვილი.
ფსიქოლოგისვე განმარტებით, უდიდესი როლი აკისრია, როგორც ოჯახს, მშობლებს, ასევე, სკოლას. იგი ყურადღებას ორივეს როლზე ამახვილებს:
-,,ოჯახი და სკოლა – ორივემ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი. ბავშვი ვითარდება 3 კუთხით – აკადემიური, ფიზიკური და სოციალური. ბავშვისთვის, ასევე მოზარდისთვის მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ხდებოდეს ინფორმაციის მიწოდება.”