თელავის გამგეობასა და საკრებულოში 45 შტატი დაემატება
Knews.ge-ს ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტში, ამ პირების ხელფასებზე, დამატებით 8 ათასი ლარია გათვალისწინებული.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილი განმარტავს, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურების დამატებას ითვალისწინებს.
,,რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არის მუნიციპალიტეტში, იმდენი საშტატო ერთეული შეიძლება დაემატოს. ეს ყველაფერი უკვე გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. ამ დროისთვის ჩვენ ხელშეკრულებით გვყავს 55 მოსამსახურე, ეს ხალხი გადავა შტატებში და ჩააბარებს ტესტირებას. ეს ყველაფერი კი მოხდება ახალი წლის შემდეგ,’’- განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საშტატო ერთეულების რაოდენობის ფარგლებში დაგეგმილია სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების დამხმარეების აყვანა.
,,თელავის ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს ეყოლებათ თანაშემწეები, რომ მარტო არ იყვნენ. ძალიან რთულია, ერთმა ადამიანმა იმუშავოს სოფელში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ სოფელში 5 და 9 ათასი მოსახლეც გვყავს,’’- განუცხადა Knews.ge-ს ლევან ბერძენაშვილმა.