თელავში ტრანსპორტის გაჩერებისთვის ადგილები გამოიყოფა
თელავში ავტოტრანსპორტის გაჩერებისათვის ადგილები არ არის გამოყოფილი. თელაველების თქმით, მათ ქუჩაში უწევთ სამარშრუტო ტაქსების ლოდინი, რომელიც დისკომფორტს უქმნის. „წვიმაში, ქარში და თოვლში ვდგევართ და ველოდებით სამარშუტო ტაქსს. ხომ შეიძლება, ერთი გაჩერება მოაწყონ, რომ შევძლოთ დაჯდომა და ტრანსპორტს წყნარად დავუცადოთ“, – განუცხადა Knews.ge-ს თელაველმა ელენე ჭრელაშვილმა.
თელავის მერიისთვის აღნიშნული პრობლემა უკვე ცნობილია. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი კიკნაძის განცხადებით, თელავში ტრანსპორტის გაჩერებისათვის ადგილების გამოყოფა მომავალი წლისათვის არის განსაზღვრული და ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ მოაწყობს გაჩერების ადგილებს.
„უკვე მონიშნული გვაქვს 10 ადგილი, სადაც მოეწყობა გაჩერებები. ამ საკითხთან დაკავშირებით განიხილება ორი ალტერნატივა, მერია მოაწყობს ამ ინფრასტრუქტურას თუ კერძო კომპანია. უპირატესობა მიენიჭება იმ ვარიანტს, რომელიც უფრო იაფი და მომგებიანი იქნება და მეტ შემოსავალს მოუტანს მერიას. თუ გადაწყდა, რომ კეღზო კომპანიამ გაჩერების ადგილები მოაწყოს, წინასწარ მერია გამოაცხადებს ტენდერს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გარე რეკლამირების ექსკლუზიურ უფლებას და იმ ადგილებს გარკვეული ვადით გავაქირავებთ. “, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი კიკნაძემ.