საქართველოში ტურისტების რიცხვი შემცირდა
მართალია, ტურისტულ სააგენტოები კრიზისზე საუბრობენ, მაგრამ ტურიზმის ადმინისტრაცია საპირისპიროს ამტკიცებს. ისინი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას. საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობის საგრძნობლად შემცირებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში გადახდისუნარიანი ტურისტები ფაქტობრივად აღარ შემოდიან. შეწყვეტის პირასაა საქმიანი ტურიზმის მიმართულებაც.
ტურისტულ საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობენ. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოში „გოუ ტურში” და „გუდ თრეველში“ გან უცხადეს, მოთხოვნა განსაკუთრებით საქმიან ტურებზე შემცირდა, რომელიც სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. ამის მიზეზი კი მათი აზრით, ინფრასტრუქტურის არარსებობაა. მათივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს დაახლოებით 40 %-ით შემცირდა. კომპანიის შიდა ტურების მენეჯერი ირაკლი ჩაქუჩაძე ტურისტების შემცირებას საქართველოს მთავრობას უკავშირებს და ამბობს, რომ მიდგომა ტურისტებთან და საერთოდ, ტურისტულ ბიზნესთან მიმართებით, სასწრაფოდ შესაცვლელია.
საპირისპიროს ამბობენ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში. მათი ინფორმაციით, 2013 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 4 მილიონ 581 ათას 537 ადამიანი შემოვიდა, რაზეც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემები 2 %-ით, ანუ 75 ათას 988-ით მეტია და 4 მილიონ 657 ათას 525 ტურისტს შეადგენს. სტატისტიკის თანახმად, ევროპიდან შემომსვლელთა რიცხვი მიმდინარე წელს 10 %-ით გაიზარდა, 7 %-ით არის გაზრდილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა.
თუმცა, 36 %-ით არის შემცირებული აღმოსავლეთ აზიიდან შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა. 2013 წელს ქვეყანაში 109 ათას 042 ადამიანი შემოვიდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69 ათას 379. ასევე 36 %-თაა შემცირებული შუა აღმოსავლეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა. რაც შეეხება აფრიკის ქვეყნებს, საქართველოში აფრიკიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, 2014 წლის ათი თვის განმავალობაში 15 %-ით შემცირდა და 3 ათას 763 პირი შეადგინა.