ახალი ამბები

შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას განაგრძობს. შსს-ს წარმომადგენლებმა დაიწყეს შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, რომლებსაც აწვდიან დეტალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესულ ცვლილებებზე. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრებზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლების ჩვენებაც იმართება. რგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები რეგიონებსა და დედაქალაქში სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.