დღეიდან შობის მარხვა დაიწყო
მარხვა 40 დღე გაგრძელდება. იგი მორწმუნეებს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას უკავშირებენ ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც, რომელიც 27 ნოემბერს აღინიშნება.ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნეშივე მოეპოვება.
შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე, მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრის შემდეგ თევზით მხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. მორწმუნეებისთვის შემდგომ 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, იშვა ბეთლემში, გამოქვაბულში, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მივიდნენ მოგვებიც, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი – ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.