თვითმმართველობებში შტატების გაზრდასთან დაკავშირებული პროექტი მეორე მოსმენით მიიღეს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გია ჟორჟოლიანის ავტორობით მომზადებული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები გუშინდელ სესიაზე 83 ხმით, 46 – წინააღმდეგ მიიღეს.
კენჭისყრის წინ განცხადება გააკეთა პროექტის ავტორმა გია ჟორჟოლიანმა, რომელმაც კოლეგებს ინიციატივისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობების მიმართულებით დაწყებული რეფორმა გაგრძელდება, მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტების სწორად დაგეგმვისა და ადგილობრივი სამსახურების უკეთ ორგანიზების მიმართულებით.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატებისა და საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.
პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს მიღებული ახალი თვითმმართველობის კოდექსით, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა რაოდენობის ერთგვარი ლიმიტირება განხორციელდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალური საბაზისო საშტატო რაოდენობა 30 ერთეულით და პლუს, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურით განისაზღვრა.
გია ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული ცვლილება გულისხმობს შტატების გაზრდის შესაძლებლობას შემდეგნაირად: – რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არის მუნიციპალიტეტში, საშტატო რიცხოვნობას იმდენი საშტატო ერთეული შეიძლება დაემატოს – თუ 15-ია, მაშინ 15 კაცი, თუ 20-ია – 20 კაცი და ასე შემდეგ.