კანონი, რომელიც უცხოელებზე მიწის მიყიდვის წესს არეგულირებს, პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება
ამ დროისთვის კანონი დამუშავების პროცესშია და ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების შენიშვნებს ისმენს.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში ცვლილებები 19 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მიიღო. კანონპროექტი მთავრობას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა.
ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი. მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც, ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში.
ამასთან, ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით: თუკი მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება.