პარლამენტი მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დოკუმენტს მიიღებს
მომზადდება ორი ერთმანეთის ალტერნატიული პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთის ავტორია საპარლამენტო უმცირესობა, ხოლო მეორე პროექტის მომზადებას უმრავლესობა გეგმავს.
რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას, – ამის შესახებ მმართველი უმრავლესობის ფორმატში შემუშავებულ რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მეთაურს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.
რეზოლუციის პროექტი, რომელსაც უმრავლესობა დაუჭერს მხარს, პარლამენტში ინიცირებული არ არის და სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს.
“რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს: – საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი ოკუპაციის დამტკიცებისა და ფაქტიურად ანექსიის მცდელობას, რაც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლიან და კეთილმეზობლობის პრინციპთან; არის უხეში, ღია გამოწვევა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ; საქართველოს პარლამენტის მიერ აღიქმება, როგორც საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის იგნორირებითი დამოკიდებულების გაგრძელება საქართველოს მცდელობის პასუხად, იყოს სტაბილურობის ფაქტორი კავკასიის რეგიონში და ხელისუფლების არაერთი განცხადების ფონზე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ; წარმოადგენს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის განმტკიცებას, რასაც თან ახლავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი დამძიმება; ხელს უშლის რეგიონში ხალხთა შორის ურთიერთობების ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას; ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ აყენებს აფხაზი ეთნოსის და აფხაზური საზოგადოების იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობას და განვითარების პერსპექტივას”, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვარიანტში.
ამავე პროექტით საქართველოს პარლამენტი მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს და გაატაროს კონკრეტული ზომები უკანონო ქმედებების შესაჩერებლად.