თელავის გამგეობამ და საკრებულომ 106 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 106 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა. 98 ვაკანტური ადგილი გამგეობას აქვს, ხოლო 8 – საკრებულოს. კონკურსი არ გამოცხადებულა მხოლოდ გამგებლის, მოადგილეების და სამსახურების უფროსების თანამდებობებზე, რადგან კანონით ისინი პირდაპირი წესით ინიშნებიან.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე განაცხადები გადაირჩევა, მეორე ეტაპზე თანამდებობის დაკავების მსურველები ტესტირებას გაივლიან. კონკურსის ბოლო ეტაპზე კი კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდებათ. კონკურსს ჩაატარებს საკონკურსო – საატესტაციო კომისია, რომლის თავმჯდომარე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე დავით ნაპირელია.
Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, რომ თანამდებობებზე დაკავების მსურველთათვის განცხადებების მიღება 10 დღის განმავლობაში, 30 ნოემბრამდე იწარმოებს.
“როდესაც განაცხადების მიღება დასრულდება, კომისიას განაცხადების გადასარჩევად 7 დღიანი ვადა აქვს. გადარჩევის პროცესის დასრულების შემდეგ 10 დღის ვადაში გამოცხადდება კონკურსის მეორე ეტაპის, ტესტირების ჩატარების დღე. ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ან იუსტიციის სასწავლო ცენტრი ჩაატარებს”, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო აფციაურმა.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საკონკურსო ტესტები 60 კითხვისგან შედგება. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, და ზოგად უნარებს. კონკურსანტებმა 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ და გასაუბრებაზე მოსახვედრად 31 ქულა უნდა დააგროვონ.
რაც შეეხება თელავის მერიას. Knews.ge-ს უწყებაში განუცხადეს, რომ საჯარო მოხელეთა ვაკანდურ თანამდებობაზე კონკურსს, სავარაუდოდ, 10 დღეში გამოაცხადებენ.