თელავში გენდერის მედიაცენტრი იხსნება
თელავის მედია კაფეში, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ინიციატივით, გენდერის მედიაცენტრი გაიხსნება. ცენტრების გახსნის მიზანია მოხდეს არჩევნებში ჩართული მხარეების, მათ შორის მოსახლეობის, ინფორმირება გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების და მნიშვნელობის შესახებ.
გენდერის მედია ცენტრში მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერის და არჩევნების, კონკრეტული ქალი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების და აქტივობების, მედიაში გენდერული თანასწორობის და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების და წესების შესახებ.
ცენტრი ასევე დახმარებას გაუწევს პარლამენტის და საკრებულოს ქალ წევრებს, ლიდერ ქალებს, გენდერულად მგრძნობიარე პარტიებს და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზებასა და მედიასთან ურთიერთობაში.
ცენტრის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ცესკოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.
ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება გენდერული თანასწორობის გაძლიერების და არჩევნებში ჩართული მხარეების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე. 24 საათის განმავლობაში იმუშავებს მედიაცენტრის ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეეძლება მედიას, მიაწოდოს ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ან გენდერული ძალადობის ფაქტების შესახებ.
გენდერის მედიაცენტრები საქართველოს 8 ქალაქში გახსნება. ცენტრებს უხელმძღვანელებენ რეგიონში მოქმედი წამყვანი მედია საშუალებები და მათი წარმომადგენლები. მედიაცენტრები იხსნება პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.
თელავში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნება პარასკევს, 21 ნოემბერს, 15:00 საათზე. მისამართი: თელავის მედია კაფე, ერეკლე მორეს გამზირი ნომერი 4