ახალი ამბები

კორუფციული რისკების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით , კორუფციის რისკების ინდექსი trace International-მა RAND Corporation-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. Trace-ის მატრიცა რისკების შეფასების პირველი გლობალური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, ქვეყანაში არსებული კორუფციული რისკები შეაფასოს. 
საქართველო რეიტინგში უკან იტოვებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ნორვეგია − მე-12 ადგილი, ჰოლანდია − მე-13 ადგილი, საფრანგეთი − მე-14, შვეიცარია − მე-16, დიდი ბრიტანეთი − მე-19, ხოლო ავსტრია − მე-20 ადგილი. 
“კვლევის მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოს რეიტინგი უპრეცედენტოა: კვლევა 197 ქვეყანას მოიცავს მაშინ, როდესაც, შედარებისთვის, მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების სიმარტივე” 189 ქვეყანას ფარავს. ინდექსის მიხედვით, კორუფციული რისკების შეფასება ეფუძნება შემდეგ ოთხ სფეროს:
ბიზნესის ურთიერთობა მთავრობასთან, რაც გულისხმობს რეგულაციების სიმარტივეს და ქრთამის გადახდის მოლოდინის არსებობას ბიზნესსექტორში; ანტიკორუფციული კანონები და მათი აღსრულება; სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობა; სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობა, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასა და სოციალური განვითარების დონეს. ინდექსის წყაროა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგისა და კვლევის მონაცემები, მათ შორისაა მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის, გაერო-ს განვითარების პროგრამის, Freedom House-ის, ორგანიზაციის − “რეპორტიორები საზღვრების გარეშე”, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის, Global Integrity-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები, რომელთა სტანდარტიზება ხდება 100-ქულიან სკალაზე.
რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია კორუფციული რისკები ბიზნესისთვის ქვეყანაში. ინდექსის განახლება 2 წელიწადში ერთხელ იგეგმება. მომდევნო კვლევის შედეგები 2016 წელს გამოქვეყნდება”, – აცხადებენ უწყებაში.