გიორგი მარგველაშვილი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს
შს სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედითი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე , გადაუდებელი აუცილებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურის შერწყმით შს სამინისტრო უპრეცედენტო ძალაუფლების სტრუქტურა გახდა, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარებოდა.
“წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურების შერწყმით, შსს-ში უშიშროების სტრუქტურების ინკორპორირებით, შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების სტრუქტურა, რომელიც ფაქტობრივად დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და გადაიქცა ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად. ამიტომ, შს სამინისტრო სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედითი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე, გადაუდებელი აუცილებლობაა და პარლამენტის როლი ამაში განსაკუთრებულია.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არის მმართველი კოალიციის პროგრამაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის განცხადებით, იმისთვის რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზებასთან დაკავშირებით, განმსაზღვრელია დამოუკიდებლობა.
“მინდა განსაკუთრებულად შევეხო პროკურატურის რეფორმის საკითხებს. იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზებასთან დაკავშირებით, განმსაზღვრელია მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. მისთვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი დამოუკიდებლობისთვის ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა.
“მინდა აღვნიშნო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ბოლო დროს, ჩვენ ყველამ ერთად გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით, რაც გამოიხატება იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმებით და უზენაეს სასამართლოში კვალიფიკაციური მოსამართლეების არჩევით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული საჯარო სამსახურის რეფორმაც.
“კადრების სტაბილურობა არის პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუციონალური ქვაკუთხედი. ხელისუფლების თუ ხელმძღვანელების შეცვლა არ უნდა იწვევდეს საჯარო სამსახურებიდან კადრების მასობრივ დათხოვნას. საჯარო სამსახურის სწორი კონცეფცია სახელმწიფოებრივი მოწყობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.