მაჟორიტართა ახალი ფრაქცია – „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის“ ჩამოყალიბდა
ფრაქციაში გაწევრიანდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც 2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, ხოლო, მას შემდეგ, რაც „თავისუფალი დემოკრატები“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გავიდნენ, მაჟორიტარებმა ფრაქციის ჩამოყალიბება და უმრავლესობაში გაერთიანება გადაწყვიტეს.
„ამით ახალი არაფერი მომხდარა. დე ფაქტო მდგომარეობამ ოფიციალური სახე მიიღო. ჩვენ უმრავლესობასთან ადრეც ვთანამშრომლობდით, უბრალოდ, ახლა მივიჩნიეთ, რომ ქვეყანას დამატებითი რყევები არ სჭირდება და დამატებითი ნაბიჯი გადავდგით“, – ამბობს გოჩა ენუქიძე.
ფრაქციის თავმჯდომარე ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იქნება.
დანარჩენი წევრები იქნებიან: გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, იაშა შერვაშიძე, გიორგი ფეიქრიშვილი.
მას შემდეგ, რაც ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა შალვა შავგულიძემ “თავისუფალი დემოკრატებში” გადასვლის შესახებ განაცხადა და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, უმრავლესობის შესანარჩუნებლად დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ იყო. საპარლამენტო უმრავლესობაში სულ მცირე 76 დეპუტატი უნდა იყოს გაერთიანებული. უმრავლესობიდან შალვა შავგულიძის გასვლამდე მასში სწორედ, 76 წევრი იყო დარჩენილი.
ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის“ ჩამოყალიბებამდე, დღეს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები” შეუერთდა. ამჟამად უმრავლესობის რიგებში 87 დეპუტატია. აღსანიშანავია, რომ კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” გასვლამდე, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 პარლამენტარი იყო გაწევრიანებული.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე რატომ მიიღო მან უმრავლესობაში გაწევრიანების გადაწყვეტილება არ საუბრობს: “როგორც იცით, ფრაქცია შეიქმნა. დეტალებზე ფრაქციის თავმჯდომარე ისაუბრებს”, – აღნიშნა ვერულაშვილმა.